X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხაშურში სტადიონის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება

24 დეკემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტადიონს აშენებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია. 

სამუშაოების მიმდინარეობას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნო. 

პროექტის ფარგლებში, ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანთან ერთად მოეწყობა განათება და სარწყავი სისტემა, ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასაც.

სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში დასრულდება. 

„ვვარაუდობთ ამ პროექტის უფრო სწრაფად დამთავრებას, ვიდრე დაგეგმილია. მომავალი წლის შემოდგომაზე ხაშურს ექნება ახალი სტადიონი, რაც დიდი შეღავათია იმ ბავშვებისთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს. ჩვენი ხელშეწყობითა და მათი მონდომებით, ვფიქრობ, ეს პროექტი კარგ შესაძლებლობას აჩენს მიზნების მისაღწევად და იმისთვის, რომ სპორტით დაინტერესებული მომავალი თაობა წარმატებული იყოს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.